„საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ, ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაეროში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ელჩის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
ელჩის განცხადებით, თბილისში დაბრუნების შემდგომ ჰქონდა შეხვედრა პარალმენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრისას განიხილეს ელჩის კონსულტაციები ვაშინგტონში, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინაში.
ელჩის თმით, ვაშინგტონში მისი შეხვედრებისას ძალიან მკაფიო იყო, რომ შენარჩუნებულია ფართო ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროატლანტიკურ გზაზე.
„ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ კრიზისით, რომელიც რუსეთმა შექმნა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ასობით დაჭრილია. ეს არის ომი, რომელიც შექმნა და დაიწყო რუსეთმა. უკრაინელების გმირული პასუხი ყველა ჩვენგანს აღაფრთოვანებს. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა. საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. ვგულისხმობ, რომ ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაეროში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია. ასევე ქართველი ხალხის, ბიზნესისა და მთავრობის გულმხურვალე პასუხი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევისთვის უკრაინელი ხალხისთვის. ყველა ჩვენგანს მეტის გაკეთება მოგვიწევს მომდევნო დღეებში. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სანქციები დააწესა. აშშ-მა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას გასული წლის განმავლობაში, მათ შორის 350 მილიონი, რომელიც ახლახან გაიცა სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ რამდენიმე დღის წინ“, – განაცხადა დეგნანმა.
მისივე თქმით, მათი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასეც დარჩება.