ეს არის პოლიტიკური შეტევა, დაკვეთილი ამ ქვეყნის დირექტორის, ბატონი ივანიშვილის მიერ - ხაზარაძე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „თბს ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ. მათზე შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 4 უმსხვილეს ბანკთან ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი და, ხაზარაძის თქმით, იმ პერიოდში მიიღეს გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი.

„ეს არის პოლიტიკური შეტევა, დაკვეთილი ამ ქვეყნის დირექტორის, ბატონი ივანიშვილის მიერ, რომელმაც ერთხელ გულწრფელად მითხრა, სხვათა შორის, რომ მე რუსეთში ვიყავიო და შენ როგორ მოახერხე ამ არეულ ქვეყანაში ასეთი სისტემების შექმნაო და მართალია.

მან არ იცის, როგორ შეიძლება, პატიოსნად, თანამედროვედ და ევროპულად ააშენო ბიზნესები, იმიტომ, რომ მას ეშლება ბიზნესი და ფულის კეთება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ჩამოთვალა ის ბიზნესები და პარტნიორები, რომლებთანაც თავისი საქმიანობის განმავლობაში ჰქონია კავშირი და განცხადა, რომ მათი საქმიანობის პერიოდში არავის ფინანსური ზარალი არ მისდგომია.

„იწყება შეტევა იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი და უმნიშვნლოვანესი პროექტის განხორციელება არის, პრაქტიკულად, ბოლომდე მისული. ამას შეეწირა რამდენიმე პრემიერი, იმიტომ, რომ არ სჯეროდათ, რომ ამას გავაკეთებდით, მაგრამ მივიყვანეთ ბოლომდე, ინვესტორები ჩამოვიყვანეთ… ხან დაგვემუქრნენ წერილით, 300 ფეიკგვერდი დაიხურა ფეისბუქში, რომლებმაც დაიწყეს გაშავება […]  ეს არის უპრეცედენტო შეტევა, რაც მე მინახავს. მხედრიონის მსხვერპლიც ვარ, წინა ხელისუფლებისაც, შევარდნაძის დროინდელიც, ტრაგედიებიც გადამიტანია, გატაცებებიც და ყველაფერი, თუ რამე მომხდარა ამ ქვეყანაში, ყველაფერმა გადაიარა ჩვენს თავზე. ლეტალურმა დასასრულმაც, ოჯახის წევრების მოტაცებამაც,  თავდასხმებმაც, აფეთქებებმა და ყველაფერმა… ყველა ხელისუფლებასთან მქონდა მეტ-ნაკლებად დიდი კონფლიქტი, მაგრამ მსგავსი, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში გააკეთა, რომ დაანახოს, აი, ნახეთ რა მოგელით ყველა თქვენგანს, მსხვილო და საშუალო ბიზნესმენებო, აი, ნახეთ, ყველაზე დიდი მოთამაშეები ამ ქვეყანაში, რომლებმაც ნულიდან დავიწყეთ […] ჩვენ ვიცით, რა გავაკეთეთ ქვეყანაში, რამხელა სიხარული და დოვლათი მოვიტანეთ ქვეყანაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმედი აქვს, ეს საქმე გახდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულების დასაწყისი.

მისი მტკიცებით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა, არის ნამდვილი და გაფორმებულია კეთილსინდისიერად.

ჯაფარიძე „თბს ბანკის“ დამფუძნებლებს ფორსმაჟორული ვითარების მსხვერპლად მიიჩნევს.

მისი თქმით, ჰოლანდიელი პარტნიორისგან აღებული მაღალპროცენტიანი სესხის დასაფარავად ბიზნესმენ ავთო წერეთლისგან ფული 6 თვით ისესხეს, თუმცა ფორსმაჟორმა შეუშალა მათ ხელი.

„დღესაც აბსოლუტურად იმავეს გავაკეთებდით, ვმოქმედებდით ინსტიტუტისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით“, – განაცხადა მან.

ჯაფარიძის შეფასებით, საქმე დევნის კლასიკური შემთხვევაა და „პროკურორის ემოციური გამოსვლა ამ აბსურდის შენიღბვის მცდელობა“ იყო.


ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა პირველ ინსტანციაში სრულდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს. საბოლოო სიტყვით გამოდიან ბრალდებულები.

ამის შემდეგ მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. შესაძლოა, გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზევე გახდეს ცნობილი ან მოსამართლე სათათბიროდ გავიდეს და გადაწყვეტილებისთვის კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი პერიოდი გამოიყენოს.


ე.წ. „თიბისი ბანკის“ საქმეზე 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა ფულის გათეთრების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა ერთობლივად და მოტყუებით სს „თიბისი ბანკიდან” დიდი ოდენობის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც, მათი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია მოახდინეს.

დაცვის მხარის პოზიციით, ორივე ბრალდება აბსურდია – ფულის გათეთრებაც და ბანკის მოტყუებაც.