ეს არის რუსული კანონი, რუსული იდეა, რუსული წამოწყება - ალეკო ელისაშვილი ე.წ. „გავლენის აგენტების" კანონზე

პუბლიკა

ცოტა გაოცებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან, რადგან უფრო სწორი იქნებოდა, გააგზავნონ ,,გოს დუმაში“, და ხომ არის კიდევ ზედა პალატა მაგათი პარლამენტის, ,,სავეტ ფედერაციი“ რომ ჰქვია, იქ გაგზავნონ, – ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთელმა ოპოზიციამ უნდა მოინდომოს, რომ ეს კანონი პარლამენტში არ გავიდეს. ,,რა ვენეცია, რა ფლორენცია, თავისი არსით, შინაარსით ეს არის რუსული კანონი, თავიდან ბოლომდე, ახალიც და ძველიც. ეს არის რუსული წამოწყება, რუსული იდეა, რუსული ინიციატივა, შესაბამისად გააგზავნონ იქ, მარია ზახაროვების და მისთანების ქვეყანაში, მათ დაწერონ ექსპერტიზა და გამოაგზავნონ.

ამ ხალხს არ უნდა ევროპაში ცხოვრება, ამათ უნდათ, რომ ვიყოთ რაღაც გუბერნია. ეს კანონი საქართველოს პარლამენტში არ უნდა გავიდეს, ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი არ უნდა გავიდეს ქართულ პარლამენტში და მე, როგორც ერთ დეპუტატს რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ყველამ უნდა მოვინდომოთ, ოპოზიცია არ უნდა მოეშვას, თუ რომელიმე პოლიტიკურ პროცესზე უნდა იყოს მღელვარება, ამ საკითხზე უნდა იყოს.

ახლა უნდა მოეშვან ბოიკოტობანას და ბუტიაობას, ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, ეს საკითხი უნდა ჩავარდეს პარლამენტში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ კანონის მიღება. თუ ეს კანონი დამტკიცდა, გავფორმდებით, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, ეს რუსეთიდან ყურით მოთრეული და გადმოკოპირებული საკითხი არ უნდა გავიდეს“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, 24 თებერვლის აქციაზე ხალხი ორი მიზეზით გამოვიდა – უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოეხატა და ხელისუფლებისთვის ეთქვა, რომ საქართველო აღარ გახდება რუსეთი.

,,რამდენიმე დღის წინ 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა ქალაქის ქუჩებში ორი რაღაცის გამო, ერთი რომ უკრაინელების თავგანწირვისადმი სოლიდარობა გამოეხატა, და მეორე იმის გამო, რომ ,,ქართულ ოცნებას“ უთხრას: საქართველო აღარასოდეს გახდება რუსეთი. რაც არ უნდა მოინდომონ, რაც არ უნდა ,,რია ნოვოსტებში“ წერონ, საქართველო აღარ იქნება რუსეთი, ყველანაირი პოლიტიკური შინაარსის რუსეთთან გვიცხოვრია, ცარისტულ რუსეთთან, ბოლშევიკურ რუსეთთან, ელცინის რუსეთიც გვჩაგრავდა, ზემოდან პუტინისაც. არ გვინდა, ეს არის დროს და ცივილიზაციას ჩამორჩენილი ხალხი, არ გვინდა ჩვენ მაგათთან ცხოვრება და ამის დასტური იყო, რომ 10 ათასობით ადამიანი გამოვიდა გულწრფელად, რომ ეს ორი რამ ეთქვა, უკრაინელების თავგანწირვისადმი სოლიდარობა გამოეხატა და რომ საქართველო აღარ გახდება რუსეთი. ზოგმა ეს ვერ გაიგო, ზოგს გონია, რომ თავისი პარტიის დაძახილზე გამოვიდნენ, ზოგს მოცლილი ეგონა ეს ხალხი, სინამდვილეში ეს იყო ძალიან მკაფიო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ რუსეთის სასარგებლოდ კოჭის გორებას არავინ დაუშვებს. სანამ ,,ქართულ ოცნებას“ ისე დაუმთავრებია, როგორც იანუკოვიჩმა დაამთავრა, მოეშვან ამ ყველაფერს და კარგად გაიაზრონ, რატომ იყო ეს ხალხი გამოსული“, –  განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა. კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდი იზიარებს. რამდენიმე დღეში მათ ალტერნატიული პროექტის ინიციირებაც მოახდინეს. ორივე კანონპროექტის სულისკვეთება არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს დეკლარირებულ ევროპულ არჩევანს.