„ეს არის სახელმწიფოს დაგეგმილი ოპერაცია“ - ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი იყო

პუბლიკა

პროფესორ ლევან ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა. ის ამ დროს ლექციიდან ბრუნდებოდა. როგორც თავად ამბობს, ოჯახის წევრებმა ამის შესახებ შეატყობინეს და გზაში შეყოვნდა. ადგილზე პოლიცია ლევან ბერძენიშვილის ქალიშვილმა გამოიძახა.

ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ნიღბიანი პირები მის სახლთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მივიდნენ.

„აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა…

ამჟამად მოვდიოდი კავკასიის უნივერსიტეტიდან, როდესაც დავამთავრე ლექციები და დამირეკეს ოჯახიდან, აქ არიან აგრესიულად განწყობილი [პირები]. არაფერ უთქვამთ, იღიმებოდნენ, მაგრამ კუნთებზე იყურებოდნენ. როდესაც გამოძახებული იქნა პატრული, ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. […] ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა”, – ამბობს ბერძენიშვილი „ფორმულასთან”.

მისივე შეფასებით, ეს არის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი „ოპერაცია”.

„თუ ვინმეს ალუდა ქეთელაური წაკითხული აქვს, სიზმარი მე კი არ ვნახე, კანიბალისტური სიზმარი ალუდამ ნახა, ეს არის სამეცნიერო საუბარი. სერიოზულად თუ ვიღაც წერა-კითხვის მცოდნეა, გაერკვეოდა. მაგრამ ამ ადამიანებს არ სურთ არაფერში გარკვევა. მათ უნდოდათ შურისძიება ჩემზე, ვითომ ვაჟა-ფშაველას გამო. სინამდვილეში იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას” თვალში არ მოვდივარ”, – ამბობს ის.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.