ეს არის სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების სერიოზული დაცინვა - რუსუდან გოცირიძე

პუბლიკა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო, რომ თურმე არსებობს ე.წ. საშვი სასულიერო პირებისათვის, რომლის საშულებითაც ავტომობილით გადაადგილებაა შესაძლებელი.

როგორც ის „პუბლიკასთან“ ამბობს, მითითებულ ცხელ ხაზზე რეკავენ რათა გაარკვიონ ეს ყველა რელიგიური თემის წარმომადგენლებს ეხება თუ არა, მაგრამ უშედეგოდ.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიამ რამდენიმე წუთის წინ რუსუდან გოცირიძის ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„დღეს არის წითელი პარასკევი, მე და მეუფე მალხაზ სონღულაშვილი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ვიდრე 12 საათიანი რეგულაცია შევიდოდა ძალაში მოვედით ეკლესიაში იმისათვის, რომ წირვა აღვავლინოთ წითელი პარასკევის.

ახლა გახდა ცნობილი, რომ თურმე სასულიერო პირებისათვის, მგალობლებისთვის, ეკლესიების ტექნიკური თანამშრომლებსთვის არსებობს ე.წ. საშვები, რომლითაც დღეს შეუძლიათ გადაადგილება ქალაქში.

ეს არის სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების სერიოზული დაცინვა. მე აქედან ვაპირებ ფეხით დავრუნდე სახლში, იმიტომ რომ ჩემთვის ძვირფასია არა კანონის დარღვევა-დაურღვევლობა, არამედ ჩემთვის ძვირფასია, რომ დღევანდელ დღეს ამ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დაცულნი. ამის უპირველესი პასუხისმგებლობა ადევს სახელწმიფოს, სახელმწიფო კი თამაშობს ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებავ ამ ქვეყანაში არა არის მხოლოდ ერთი რელიგიური თემი და დღევანდელი დღე არა მხოლოდ ერთადერთი კონკრეტული რელიგიურის თემისთვის არის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული. თუ შეიძლება კეთილი ინებეთ და როგოც სეკულარულ, დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლებას შეეფერება, ისე იმოქმედეთ, “- ამბობს ვიდემომართვში რუსუდან გოცირიძე.

დღეს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც უკმაყოფილება გამოთქვა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ავტომანქანით გადაადგილება შეიზღუდა დღეს 12 საათიდან 21 აპრილამდე.

„აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის, “- ამბობენ საპატრიარქოში.