„ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება“ - კობახიძე ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტაზე

პუბლიკა

„ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, –  ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA  ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

„ეს ყველა შემთხვევაში იყო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მთლიანობაში თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის მთავარი პრიორიტეტი როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები. მთავრობას აქვს 10-წლიანი გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით და მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა არის დაგეგმილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც კომპანია ENKA-ს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ კომპანია ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ფორსმაჟორი და პირობების დარღვევაა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს და კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში. მათ არ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ. როგორც ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, გაარკვევენ ინფორმაციას და დაგვიკავშირდებიან. მასალა ოფიციალური პასუხის მიღებისთანავე განახლდება.


ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ფარგლებში გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.