ეს არის საქართველოს შიდა საქმე, პრინციპულად დაუშვებელია თემის პოლიტიზება – კალაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი დავით გარეჯის სადემარკაციო კომისიის ორი წევრის დაკავებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

კალაძემ განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მით უმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს საუბარი უმძიმეს ფაქტზე, საქმეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ქვეყნის მიწების დანაშაულებრივი გასხვისების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი.

გამოძიების მიხედვით, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში 1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებული რუკა არალეგიტიმური რუკის მონაცემებით ჩანაცვლდა. შედეგად, 3500 ჰექტარი ქართული მიწა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების/თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა.

ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ – ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მითუთმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღება.

ჩვენი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება და საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრა, თითქოს წინა ხელისუფლებამ მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა. კაპანაძის თქმით, ეს არის მარაზმი, რომელსაც საზოგადოება არ დაიჯერებს. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს დაკავება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც წინასაარჩევნოდ რაღაც აბსურდული საქმე მოიგონა და ჰგონია, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს შეაყრის და წარმოაჩენს, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაც მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა. ეს არის სრული აბსურდი. საერთოდ, შინაარსიც კი არ აქვს ამ საქმეს, ვითომ რაღაც რუკის დამალვის გამო შესაძლებელია თურმე, რომ ადამიანი დაიჭირო და ალბათ ეხლა შეეცდებიან, რომ გავიდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე. ჩვეულებრივი მარაზმია, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ არავინ ამ სისულელეს ჭამს საზოგადოებაში, ასე ვთქვათ და არავიან ამას არ დაიჯერებს და ეს ყველაფერი ძალიან მალე ნათელი გახდება ყველასათვის.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი აბსურდული ბრალდებით არიან დაკავებულები. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი იმყოფება საომარ მდგომარეობაში, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი, რომ აზერბაიჯანს წინა ხელისუფლების დროს გადაეცა ტერიტორიები, გაუგებარია და დამატებით უზარმაზარ საფრთხეს აჩენს ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„რეალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია ადამიანის ცხოვრება. მათ შორის, ხანდაზმული და ღვაწლმოსილი ექსპერტის ცხოვრება, რომელიც დღეს ფაქტობრივად გახდა სამართლებრივი დევნის მსხვერპლი, ერთადერთი მოტივაციით და ეს მოტივაცია ცხადია არის პოლიტიკური. რეალური ამოცანა, რაც აქვს დღეს ხელისუფლებას, არის ის, რომ დაკავებულმა ადამიანებმა მისცენ ჩვენება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ და წინასაარჩევნოდ სიკვდილის, გადარჩენის ფაზაში მყოფმა პოლიტიკურმა რეჟიმმა შეეცადოს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების მოგონილი ზღაპრებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.