ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც ყველას მონურ მდგომარეობაში გვაგდებს - სულაძე შუქრუთის მოსახლეობას

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები და მათი მხარდამჭერები 23 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციამდე სხვადასხვა რაიონსა და  ქალაქში ჩადიან და ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. ისინი დღეს ჭიათურაში ჩავიდნენ, შუქრუთის მოსახლეობას შეხვდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს.

შუქრუთში იმყოფება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი, მაკა სულაძეც, რომელმაც ისაუბრა ორი პროტესტის საერთო მიზეზსა და შინაარსზე.

„სიტყვები არ მყოფნის აღშფოთებისაგან. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა მდგომარეობაში აყენებს დღევანდელი სისტემა, დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას. ფაქტობრივად, კოლონიაა ეს. ქვეყანა აღარაა. იცით, რომ ჩვენ უსამართლობამ გამოგვიყვანა ქუჩაში და უკვე ნახევარი წელიწადი გავიდა. იგივე პრობლემაა ამ მოსახლეობის ამ პროტესტის მიზეზი და მე ვხედავ პროტესტის უკიდურეს ფორმას.

აქ არის საშინელი ხმაური, საშინელი მტვერი და აქ რომ ადამიანი დაჯდება, პირამოკერილი კი არა, კარგად რომ ჭამდეს და სვამდეს და ამ ხმაურში და ამ მტვერში დაჯდეს, ესეც იქნება უკიდურესი ფორმა პროტესტის და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანები პირამოკერილები უკვე მე-10 დღეა, სხედან. მთელი ოჯახია აქ. ბავშვიც ჰყავთ. წარმოგიდგენიათ ბავშვი ამ პირობებში და არავინ ამ ადამიანების გულისტკივილს არაფრად არ აგდებს. ამისთვის ვიბრძვით დღეს.

ყველას დაგვავიწყდა ჰესიც, მაღაროც და ყველა პრობლემა ქვეყანაში იმიტომ, რომ ერთად მოიყარა ყველაფერმა თავი. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც ყველას მონურ მდგომარეობაში გვაგდებს ამ ქვეყანაში. ყველა ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტს, რომ მონური ფსიქოლოგიით გვმართოს, თავის საწადელს ვეღარ მიაღწევს – აი, ჩვენი ბრძოლის დასაწყისი არის ეს, ყველა პრობლემის გაერთიანება. ყველა პრობლემა ერთად იყრის თავს.

თქვენი თავი წარმოიდგინეთ ამ ადამიანების ადგილას და ვინც გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში კარგადაა ყველაფერი და ყვავის ქვეყანა და განვითარების გზაზე მივქრით, ა, ბატონო, კლასიკური მაგალითი. აი, შეხედეთ ამ ადამიანებს. ვკანკალებ ემოციისგან.

არ ვიცი, რა უნდა ვთქვა და ეს ხდება სახელმწიფოში, რომელსაც ჰქვია საქართველო, რომელიც არის თავისი ბუნებით უმდიდრესი ქვეყანა და ეს სიმდიდრე ერთეული ადამიანების ხელშია თავმოყრილი და ჩვენ გვაქციეს უღატაკეს უფლებააყრილ ადამიანებად და მაშინ, რად გვინდა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, თუ ჩვენ ასე გაუბედურებული, გაღატაკებულები ვართ ამ ქვეყანაზე. აი, რატომ უნდა მოხვიდეთ 23-ში თბილისში. ეს ჩვენ არ გვეკადრება ხალხო. ქართველ ერს ეს არ ეკადრება. არასოდეს დაუჩოქია ადამიანს უსამართლობის წინაშე და არც აწი დავიჩოქებთ“, – ამბობს „რიონის ხეობის მცველი“ მაკა სულაძე.


სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთ კვირაზე მეტია, რაც რამდენიმე მათგანმა უკიდურესი პროტესტი ნიშნად პირი ამოიკერა.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები. იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი.

ისინი მოითხოვენ, აანაზღაურონ შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.