ეს არის სრული სისულელე - კალაძე ФСБ-ს ბრალდებაზე

პუბლიკა

რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან საქართველოს კავშირის შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

„ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით… საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, – თქვა კალაძემ.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში 12 თანამზრახველია იდენტიფიცირებული, მათგან 2 – საქართველოს მოქალაქეა. უწყება ასევე აცხადებს, რომ „ტერაქტის უკან დგანან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“.

სამთავრობო სააგენტო TASS წერს, რომ: „29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთის განბაჟება განხორციელდა EurAsEC-ის წესების მიხედვით; შეიცვალა საბუთები, რის შემდეგაც გამგზავნი უკვე შპს GU AR GROUP (სომხეთის რესპუბლიკა, ალავერდი) იყო. ხოლო მიმღები იყო შპს ლიდერი (მოსკოვი). ამის შემდეგ, 4 ოქტომბერს ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის საგუშაგოზე საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით გადმოკვეთა, ხოლო 6 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში, არმავირის საბითუმო საცავში ჩაბარდა და გადმოიტვირთა. სოლომკოს, უკრაინის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ვოლოდიმირ ზლობისა და კიდევ ხუთი იდენტიფიცირებული რუსის დახმარებით, 7 ოქტომბერს ტვირთის დოკუმენტები კვლავ შეიცვალა, გამგზავნზე მითითებული იყო შპს „TEK-34″ (ულიანოვსკი), ხოლო მიმღები იყო ყირიმში არარსებული კომპანია. ამავე დღეს, რულონები სატვირთო მანქანაში ჩატვირთა რუსეთის მოქალაქემ, 1971 წელს დაბადებულმა მახირ იუსუბოვმა, რომელიც გაემგზავრა სიმფეროპოლში, ხოლო 8 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე მგზავრობისას აფეთქება მოხდა“.