„ეს არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ - ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე

პუბლიკა

„საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი არის იერიში ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროატლანტიკური არჩევანისთვის. ის არანაირად არ ჰგავს FARA-ს [ამერიკულ კანონს]“, – ასე ეხმაურებიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ლიდერები „საქართველოს პარლამენტში რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობის განხილვას, რომელიც შემზარავ გავლენას მოახდენს საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

კომისია აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, მაგრამ ეს კანონი არის ორმხრივი ურთიერთობის მიზანმიმართული წინასწარ განზრახული უარყოფა და „ეს არის ოკუპანტი რუსეთის კიდევ უფრო მეტი მოწვევა, რომლისგანაც კორუფციას, ვასალობასა და ღალატს უნდა ველოდოთ“.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა, ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, ამით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა. ასევე, ეს იქნება დემონსტრირება ახლანდელი მთავრობის მზარდი სიახლოვისა რუსეთთან, იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ“, – აცხადებენ ჰელსინკის კომისიის ლიდერები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი, ისევე როგორც დემოკრატიის ამჟამინდელი უკუსვლა, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, „არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე“.

„1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ეს არ შეიცვლება. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოფს ინიციირებული კანონპროექტი და ხელახლა აღუთქვას ერთგულება დემოკრატიას“, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი, წევრი სტივ ჯოენი და წევრი როჯერ უიკერი


ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. მისი წევრები ამერიკის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.