ეს არის უპრეცედენტო გაჯანსაღება სამუზეუმო სფეროსი, ზეგ სტაჟიორებს მივიღებთ - წულუკიანი

პუბლიკა

„სინამდვილეში ეს არის უპრეცედენტო გაჯანსაღება სამუზეუმო სფეროსი. ჩვენ ზეგ, ორშაბათს ათეულობით ახალგაზრდა სტაჟიორს მივიღებთ მუზეუმებში“, – ასე აფასებს კულტურის მინისტრო თეა წულუკიანი მუზეუმებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო ითანამშრომლებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თუ ისინი დაინტერესდებიან ინვენტარიზაციის პროცესით და მასალების საგამოძიებო უწყებებისთვის გადაცემის საკითხით.

თუმცა, მისი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო გადაცემები, სადაც რესპონდენტები გამოხატავენ, რომ თეა წულუკიანი არის დაკავებული 1937 წლის რეპრესიებით, რაც მინისტრის თქმით, არის დეზინფორმაცია. რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ რესპონდენტებს აქვთ უფლება გამოხატონ ის, რასაც ფიქრობენ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა გაშუქდეს ყველა მხარე.

„თქვენს არხზე არის გადაცემები, რომლებიც გაშვებულ თანამშრომლებს ახსენებენ და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მე ვარ 1937 წლის რეპრესიებით დაკავებული. ეს ბუნებრივია ქვეყანაში, სადაც გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ მედიის მთავარი მიზანია გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება და ეს წერია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში. გამოხატვის თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს“, – თქვა მან.

მინისტრმა განაცხადა, რომ მუზეუმების რეფორმა გაგრძელდება იქამდე, სანამ ის იქნება თანამდებობაზე და აღნიშნა, რომ ის მინისტრის თანამდებობას არჩევნებამდე დაიკავებს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ დაინტერესდნენ სხვა მინისტრები, წულუკიანის წინამორბედები იმ პრობლემებით, რომელზეც მინისტრი საუბრობს, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ რთული იყო სისტემაში შეღწევა.

„როდესაც სხვადასხვა ასაკის მეცნიერებს, რომლებსაც სათავეში უდგას იულონ გაგოშიძე, ალბათ ღვაწლმოსილი მეცნიერი და რაღაცა ასაკის მქონე, რომელიც არაერთ ჩვენგანს ბაბუად გვეკუთვნის მობილიზებას უკეთებს ჯგუფს რომ შეიჭრან ახალი დირექტორის კაბინეტში, რომ ის იქიდან გამოიყვანონ და ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც წარსულში სპორტსმენიც ყოფილა, არ მისცემს თავის თავს უფლებას, რომ ვიღაცას რაღაცა უპასუხოს, ეს რა თქმა უნდა, არის დაუშვებელი…“, – თქვა მან.


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმში და მასთან დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები დაიწყო, რის შემდეგადაც ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმიდან და სააგენტოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელები. რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოიგო.