ეს არის უსუსური მცდელობა, გაათეთრონ გიორგი გახარია - ბადრი ჯაფარიძე წერილის ექსპერტიზაზე

პუბლიკა

„დღევანდელი პროკურატურისგან, გარდა ასეთი არაკომპეტენტური განცხადებებისა, ჩვენ არაფერ სასიკეთოს არ უნდა ველოდეთ. ეს არის უსუსური მცდელობა, გაათეთრონ გიორგი გახარია და მისი როლი ამ წერილთან დაკავშირებით”, – პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება პროკურატურის განცხადებას, რომ ე.წ. მუქარის წერილზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

„თუ გიორგი გახარიას აქვს გამბედაობა, ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რა როლი ითამაშა მან ამ წერილთან დაკავშირებით და რა შემხებლობა ჰქონდა ამ წერილთან მიმართებით”, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე „TV პირველთან” საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე და ამას თავადაც სრული პასუხისმგებლობით ადასტურებს. „ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

„საქართველოს მოქალაქეების დაქტილოსკოპიური ბაზა ინახება საქართველოში. კომპეტენტური პროკურატურის პირობებში ყველაფრის დადგენა იყო გაცილებით ადვილი. ჩვენ მიკერძოებული პროკურატურა გვაქვს, თან არაკომპეტენტური, აქედან გამომდინარე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. სწორედ ეს არის აუცილებელი, რომ ჩვენ შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება, რათა გვყავდეს მიუკერძოებელი, კომპეტენტური პროკურატურა”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.


პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგს ასაჯაროებს.

საუბარია წერილის ექსპერტიზაზე. ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი  წერილი იყო.

პროკურატურის დღევანდელი განცხადებით, „სამხარაულის” დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.