თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე იყო ბრალდებული. ის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, მაგრამ სასამართლომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.
ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე საქალაქო სასამართლოსთან მისი თანაგუნდელები და ოპოზიციური პარტიების წევრები შეიკრიბნენ. მათი საერთო შეფასებით, ყოფილი ძალოვანი მინისტრი პოლიტიკური პატიმარია.
„ეს არის არა სასამართლო, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. 20 ივნისზე, იმ ძალადობაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და პოლიციელები, ბრძანების გამცემები უნდა იყვნენ გასამართლებული ამ საქმეზე და არა პირიქით. ეს არის უტიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ.
8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკება შედგა. მხარეები შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამართვას 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით ითვალისწინებს, დაწესდა 1%-იანი ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის და 40%-იანი ე.წ. ჩამკეტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დაკომპლექტებას განსაზღვრავს. ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც ჰქონდა, რომელიც, მათი თქმით, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გულისხმობდა. ოპოზიციონერები პოლიტპატიმრებად გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილსაც მიიჩნევენ.
„ამ შეთანხმებაში ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციის, საზოგადოების… აი, ამ პოლიტიკური ნორმალიზაციისთვის, არის აუცილებელი და ერთადერთი გზა, რომ პოლიტპატიმრები გამოვიდნენ გარეთ.
ამ პერიოდით სარგებლობა ამორალურია, უბრალოდ, კორონავირუსითა და კრიზისით სარგებლობა. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ გაიაზრონ, თუ უნდათ პროცესების ნორმალიზება, ამის ერთადერთი გზა არის პოლიტპატიმრების გამოშვება“, – აცხადებს ელენე ხოშტარია. „როგორც შეთითხნეს ეს საქმე, ისე მონახონ გამოსავალი. თუ არ იქნება ყველა პოლიტპატიმარი გარეთ, არ იქნება შეთანხმება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე პატიმრობას, ხოლო მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.