„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება მათთვის პრინციპული საკითხია და მის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. დეპუტატმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს კიდევ აქვს დრო, გაათავისუფლოს რურუა და მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერითაც გავა.
თუმცა, ბოკუჩავას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული და პირველი მოსმენით როგორც გამოჩნდა, ამჯერად მას ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც მიიღებენ.
„მაშინ, როცა ჩვენ ხმა მივეცით აღნიშნულ ცვლილებებს, მე მართლა მჯეროდა, რომ ასეთ პოლიტიკურ ვაბანკზე და ასეთ რისკზე არ წავიდოდა ივანიშვილი, არ ჩააგდებდა ცვლილებებს. თქვენ გახსოვთ, ჩვენ სრული შემადგენლობით ვესწრებოდით იმ კენჭისყრას და მხარი დავუჭირეთ, მიუხედავად ამისა, ჩავარდა აღნიშნული ცვლილებები.
ამიტომ ეს გასვლა-არ გასვლის საკითხი მთლიანად იყო ივანიშვილზე დამოკიდებული. მათ შორის, ეს ციფრები. გვაჩვენა ციფრებმა და დღეს ვნახეთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ და გასული დეპუტატების დამატებით იყო საკმარისი ხმები, რომ ეს ცვლილებები გასულიყო. ეს არითმეტიკა არის ის, რასაც ივანიშვილი წყვეტს და არა მოცემულობა, რომელიც ჯდება დამოუკიდებელი დეპუტატების მოქმედებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას თქმით, პირველ მოსმენამდე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე მათ პარტიაში განსხვავებული მოსაზრებები იყო, მათ შორის პარტიის წევრებმა თავიანთი აზრი საჯაროდაც დააფიქსირეს. თუმცა, ფრაქციამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი არ დაეჭირა ამ ცვლილებებისთვის.
„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმას, რომ სხვა ოპოზიციურმა ფრაქციებმა თუ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკუთარი ხმა გამოიყენეს იმისთვის, რომ აღნიშნული ცვლილებები გასულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივანიშვლის დღევანდელი არითმეტიკის მიხედვით, ეს ცვლილებები უნდა გასულიყო. იმედია, ეს მოცემულობა არ შეიცვლება“, – თქვა ბოკუჩავამ.
საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.