საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგი დაიწყოს. კარლ ჰარცელი ხვალ დაგეგმილ შეხვედრასაც დაესწრება.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ხვალინდელ შეხვედრას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
„ეს აუცილებელია და მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. ვაზუსტებთ დეტალებს, მაგრამ როგორც ცნობილია, ე.წ. გერმანულ მოდელის განხილვა იქნება დღის წესრიგში, თუმცა ალბათ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის უფრო ფართოდ განხილვა მოხდება. მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება. ქუჩის პროტესტებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია უკვე გავახმოვანეთ. სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებებს, გამოხატონ სიტყვის თავისუფლება. ვფიქრობთ, რომ აზრის გამოხატულება უნდა იყოს მოქცეული კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია“, – ამბობს კარლ ჰარცელი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს ხვდება. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.