18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიაში „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს.
მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია მათი მარცხის სიმბოლოდ აღიქვამს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული სესიის ბოიკოტით საპარლამენტო უმრავლესობამ აჩვენა, რა დამოკიდებულება აქვთ ევროკომისიის მიერ რეკომენდებული რეფორმების შესრულების მიმართ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზის ჩაკეტილ კართან მივიდნენ და მედიასთან განცხადებები გააკეთეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების სტრატეგიული მარცხია.
„[ჩაკეტილი კარი] ეს არის შიშის სიმბოლო, როგორ ეშინიათ. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი, იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია. დიდი პოლიტიკური მარცხი მათ უნდა განიცადონ შემოდგომაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.
დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების ამოცანა ევროკავშირთან ინტეგრაცია არ არის.
„ოცნების“ ამოცანა არ არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრირება. აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ცდილობენ, ეს ისე გააკეთონ, რომ ან ოპოზიციას დაბრალდეს, ან ევროკავშირს.
ჩვენ უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემებით და ტკივილებით გავიაროთ ეს გზა. ეს მაინც მოხდება, იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილს არ უნდა“, – განაცხადა შავგულიძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება უარს ამბობს 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობაზე.
„ეს ჩარაზული კარი არის სიმბოლო, როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ევროპულ პერსპექტივებს. ისინი ამ ქმედებით პრაქტიკულად უარს გვეუბნებიან, დავიწყოთ აქტიური მუშაობა 12-პუნქტიან გეგმაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საკითხები მზადაა, ინიიცირებულაი და დღესვე შეიძლებოდა, განხილულიყო კომიტეტის სხდომებზე და რიგგარეშე სხდომა უახლოეს პერიოდში ჩანიშნულიყო, ბიურომ კონსტიტუციის დარღვევით უარი გვითხრა ამაზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე, რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია.
დღეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.