თალაკვაძის წერილი „რადის“ სპიკერს – სააკაშვილის დანიშვნა ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობას შეარყევს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის  ,,ვერხოვნა რადის“  სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს  მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა.

წერილს უცვლელად გთავზობთ:

ძვირფასო კოლეგა,

დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ურთიერთგეგებას ეფუძნება. საქართველო და უკრაინა დამოუკდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან, დიდი მიღწევებითა და გამოწვევებით. ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გაგვაჩნია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მაძლევს უფლებას წერილით მოგმართოთ თქვენ და ჩემს კოლეგებს “ვერხოვნა რადა”-ში, რათა ჩვენი წუხილი გაგიზიაროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის. მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მომდევნო წლებში ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის.

ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.

პატივისცემით,

არჩილ თალაკვაძე“ – ვკითხულობთ წერილში.
_______________________

22 აპრილს სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში. გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრა დღეს უნდა გამართულიყო.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა. პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ, თუ უკრაინა მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება. გახარიას თქმით, ასეთ შემთხვევაში, ისინი საქართველოს ელჩს უკრაინიდან „როგორც მინიმუმ, კონსულტაციისთვის გამოიწვევენ“.

მთავრობის ამგვარ გამოხმაურებას „მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“ უწოდა ოპოზიციამ.