ვიცოდით, რომ ფიქრობდა დამოუკიდებელ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე - ბაქრაძე ხოშტარიაზე

პუბლიკა

ელენე ხოშტარიამ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა რამდენიმე წუთის წინ. პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლის შესახებ ისაუბრა ასევე პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

„პირველ რიგში მინდა, დავუდასტურო როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე პირადი მეგობრობა ელენე ხოშტარიას, რომელიც იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება  და ამ პოლიტიკური ციკლის, ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ის ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალქო აქტივიზმზე. ამიტომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა. ეს იყო ის, რაზეც წინასწარ პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული. წარმატებას ვუსურვებ ელენეს ახალ გზაზე. ეს არანაირად არ არის პარტიიდან გადინების პროცესი როგორც ეს ზოგიერთს სურს წარმოაჩინოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არ გადავდივარ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ უკვე ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა.