ეს დასავლეთთან დისტანცირების სიგნალია - აქუბარდია ევროპაში სამხედრო წვრთნებში საქართველოს არმონაწილეობაზე

პუბლიკა

წელს საქართველო აღარ მონაწილეობს ევროპაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში, რომლის აქცენტიც NATO-სა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ასევე ევროპაში საფრთხის შეკავებაა.

დღეს პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დეპუტატი თეონა აქუბარდია გამოეხმაურა და განაცხადა რომ ეს ნაბიჯი დასავლეთთან დისტანციის გარღმავების სიგნალია.

რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხედრო სწავლებას და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას და ამ მოცემულობაში საქართველოს არ მონაწილეობა პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის.

წლების განმავლობაში საქართველო მონაწილეობს აღნიშნულ სწავლებებში და ორი წლის წინ უმასპინძლა კიდეც სამხედრო სწავლებას. როგორც წესი, სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა ჩვენი პარტნიორების მიერ იყო უზრუნველყოფილი როგორც ლოგისტიკურად, ასევე სხვა ხარჯებით.

სამხედრო სწავლებაში არმონაწილეობა არის მკაფიო სიგნალი NATO-სგან დისტანცირების, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი NATO-ში გაწევრიანება ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

Defender 23 (მცველი 23) ბოლო წლებია, აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით იმართება და მრავალეროვნულ, ერთობლივ წვრთნებს მოიცავს.

პენტაგონის განცხადებით, წვრთნები ემსახურება აშშ-ის სამხედრო ძალების შესაძლებლობების წარმოჩენას, რამდენად სწრაფად შეძლებენ ბრძოლისუნარიანი დანაყოფებისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანას ევროპაში. ეს ემსახურება მისი პარტნიორების მხარდაჭერას, რომ შეაკავონ პოტენციური მტერი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

პენტაგონის განცხადებით, წვრთნები ასევე ემსახურება მოკავშირეებს შორის თავსებადობისა და მზადყოფნის გაძლიერებას.

5 აპრილს პენტაგონმა განაცხადა, რომ წვრთნები 22 აპრილიდან დაიწყებოდა და მასში აშშ-ის 9 000 ჯარისკაცთან ერთად მისი მოკავშირე სახელმწიფოების 17 000 სამხედრო მიიღებდა მონაწილეობას, სწავლება კი ევროპის 10 ქვეყანაში ჩატარდებოდა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წვრთნების მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოც იყო დასახელებული. 28 აპრილს კი ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო წელს სწავლებაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაადასტურა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მაგრამ მინისტრმა უარზე გადაწყვეტილება „ლოგისტიკური ხარჯებით“ ახსნა.

„შეიძლება კონკრეტული სწავლება სხვადასხვა ლოჯისტიკურ ხარჯებთან და სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს“, – განაცხადა ბურჭულაძემ შეკითხვის პასუხად, თუ რატომ აღარ მონაწილეობს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში.

„ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში. კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული რიცხვი იყო შარშან, როდესაც საქართველოში 6 საერთაშორისო სწავლებას ვუმასპინძლეთ. რეკორდულად მაღალია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.