საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება 2012 წელთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებულია, ასევე გაუმჯობესებულია მედიის თავისუფლებაც.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა აქციის „შინ, ევროპისკენ“ მოთხოვნის, – მთავრობის გადადგომის და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების – შესახებ ღარიბაშვილის პოზიციით, რაზეც პრემიერმა მას უპასუხა, რომ ეს დემონსტრაციები უშედეგოდ დასრულდა.
„თქვენ ახსენეთ ადამიანის უფლებები და მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ბატონო კითხვის ავტორო ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს, მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელზეც იმუშავა ბატონმა ტომას ჰამერბერგმა და ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა.
ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში, ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული.
მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს, თუ რა ვითარებაა საქართველოში, 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით.
რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომ თითქოს დემონსტრაციები იმართება, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას,“- განაცხადა პრემიერმა.