საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა და „ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააკრიტიკა.
„ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა და ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება ეს დღე საქართველოს ისტორიაში და ყველანი, ვინ ამაში მონაწილეობდნენ და კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც შევლენ უთუოდ საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასდროს არ ივიწყებს და იცოდნენ, რომ გამოირკვევა, ვინ სად იყო, რაც უნდა ნიღბები ატარონ და ყველას დავიმახსოვრებთ.
დღეს არათუ ირღვევა, ფეხქვეშ ითელება ყველას უფლებები. მშვიდობიანი აქციის ჩატარება, ცრემლსადენი გაზის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ქიმიური ნივთიერების გამოყენება მათ მიმართ, სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც არ ატარებენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, გამოუძიებელი საქმეები და სისტემური დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ახორციელებენ ამ რეპრესიებს, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას აქვს ადგილი როგორც დაკავების დროს, და რაც უფრო ნიშანდობლივია, დაკავების შემდგომ პერიოდში, რაც ყველგან დაგმობილია და სახალხო დამცველმა თვითონ გამოიყენა სიტყვა „წამება“, ესეც შევა ისტორიაში.
ასევე ირღვევა ყველანაირი უფლებები სამოქალაქო სექტორის ხმის ამოღების შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ახალი არის და ნამდვილად იმის ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იზრდება და ბევრად უფრო შეგნებულია დღეს, ვიდრე ოდესაც, ახლო წარსულში იყო. ამან გამოიწვია დაშინება, მუქარა. უნდა ითქვას თბილისის მერის განცხადებაც, მაგრამ არა მხოლოდ. ის არ იქნება ერთადერთი, რომელიც ასე ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს და პროტესტს მოაწერეს ხელი.
ეს ხომ არის ყველაზე ნათელი ნიშანი იმისა, რომ გამოთქმის თავისუფლებაც იწურება.
ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით და მე აქ ყველაფერს არ აღვწერ, მაგრამ ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში რეალურად დაიწყო არა მხოლოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ჩვენ გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს თავის მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე და რომელიც არ ერიდება იმას, რომ წამებაც გამოიყენოს. ეს არის სხვა სიტყვებით და მოკლედ აღწერილი, უკვე რუსული რეჟიმი.
მათი ქმედებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მე-17 მუხლი, აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლება. 21-ე მუხლი – შეკრების თავისუფლება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი, გამოხატვის, მე-20 მუხლი, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მე-3 მუხლი – წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა. მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლება. მე-11 მუხლი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. ამით არ კმაყოფილდება ეს რეჟიმი, რადგანაც ახლა უნდა ვეძახოთ რეჟიმი და ახალ კანონებს ამზადებენ.
ერთი მხრივ არის კანონი, რომელსაც ამზადებენ ნიღბების ტარების აკრძალვაზე, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ უფლება, თავიანთი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაიცვან. სამაგიეროდ, არაფერია ნათქვამი, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, რომ ეს ნიღბები ატარონ. ან ვალდებულება, როგორც მსოფლიო სტანდარტებითაა მიღებული, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნები ატარონ. ეს ყველაფერი არაა გათვალისწინებული ინიციატივაში.
ასევე, მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში, რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება, მათი გაშვება სამსახურიდან. ყველამ ვიცით, როგორი რთულია საჯარო სექტორში რეორგანიზაცია და ის, რომ შეგეძლოს ადამიანის გაშვება ლეგალურად. ამ ყველაფერს თავის თავზე ირგებენ და ამარტივებენ, რომ ხვალ და ზეგ მარტივად გაუშვან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ მშვიდობიანად და ზოგჯერ აქციაზეც არ არიან ნამყოფი.
ასევე სუსის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს, რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს გვამებს, ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის, არც ტიტუშკები და არც სხვები, ძალიან აქციები მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ყველაფრის ასევე ძლიერი დარღვევაა, ეს არის შსს-ში, გადაწყვეტილება მიღებული, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა ისე, რომ არც დიპლომები მოეთხოვოს. ეს უკვე, როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომების არავის არაფერში არ სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, სადაც მათ მოძებნიან. ეს არის ნიშანი იმის, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა მან.