ეს ფორმალური დემარშიც არის, მაგრამ არის აუცილებლობაც – ვოლსკი ელჩის გამოძახებაზე

პუბლიკა

„… უამრავი თემა შემიძლია ჩამოვთვალო, რაც დღეს საქართველოში ხდება, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეოცეხარისხოვან პოზიციაზე სააკაშვილის გამწესება. ვეღარ მოუძებნეს ადგილი და ბოლოს სადღაც დანიშნეს თუ ჩააკვეტეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „იმედის” ეთერში.

მისი თქმით, უკრაინის ეს ნაბიჯი, არათუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ საერთო საერთაშორისო წესების დარღვევაცაა.

„ ეს არ შეეხება მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას. ეს ორმხრივი ურთიერთობა ჩამოყალიბებულია ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატის ფარგლებში. ეს არის საერთაშორისო  კონკრეტული პოლიტიკური, სამხედრო ეკონომიკური ინტერესების დიდი ჯგუფი. NATO, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ცალკეული ქვეყნები, რომელთაც აქვთ თავიანთი დამოკიდებულება რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ამ ფორმატში უკრაინასა და საქართველოს საკვანძო ადგილები უკავია – ალტერნატიული დერეფნის საკითხი, რომელსაც, რატომღაც, ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას და საქართველოს სტრატეგიული მთავარი მიმართულებაა. ოკუპაციის თემები, რუსეთის შემოჭრა, იმ სფეროში, სადაც ჩვენს მოკავშირეებსა და ჩვენ, პირადად, გვაქვს სასიცოცხლო ინტერესები, აი, ამ გოლობალურ თემაში უკრაინის ეს ნაბიჯი, არათუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ საერთაშორისო წესების დარღვევაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებას, ვოლსკი ამბობს, რომ ეს საკითხი გარკვეულ ფორმატში განხილვას იმსახურებს.

„და ელჩის [გამოძახება] კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია, ფორმალური დემარშიც არის, მაგრამ აუცილებლობაც არის, რათა გარკვეულ ჯგუფში – პოლიტიკოსების, ექსპერტების, სპეციალური სამსახურების ფორმატში ეს საკითხი იქნება განხილული.

მე მგონია, რომ იმ დიდ ფორმატზე, რაზეც ვისაუბრე, ურთიერთობა არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ ხვალინდელი დღე და ის ჩრდილი, რომელიც მიადგა ორმხრივ ურთიერთობას, აუცილებლად დამატებით განხილვას მოითხოვს”, – აღნიშნა მან.


„მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე“, –  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს.

ამავე თემაზე:

► მიმაჩნია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა – ზელენსკი ელჩის გამოძახებაზე;