კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ბექა ბერიძიშვილი ამბობს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს აპრილის თვეში გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, თუმცა ფაქტი, რომ დაჯარიმებული იყო, დღეს გაიგო.
„დღეს დილით ერთ-ერთი ბანკი მწერს მესიჯს, რომ ჩემი ანგარიშები დაყადაღდა და ინფორმაციისთვის მივმართო აღსრულების ბიუროს. ბევრი ზარის განხორციელების მერე გავარკვიე, რომ აპრილში 5 თვის წინ, დროებით სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის თბილისის მერიამ დამაჯარიმა, იერსახის დამახინჯებისთვის, ოღონდ ისე რომ მე ეს ყველაფერი დღეს გავიგე. 1000 ლარს, 70 ლარი ჯარიმა დაამატეს გადაუხდელობის გამო და დამიყადაღეს ბანკის ყველა ანგარიში. P.S დროებით სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრა არ ისჯება, ნებადართულია“, – წერს ბერიძიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო ანგარიშები დაუყადაღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას. ის რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს და მოგვიანებით სასამართლომ ჯარიმა დააკისრა. იგივე მიზეზით გუშინ დააყადაღეს ამავე კოალიციის წევრის, ბორის ჩელე ყურუას ანგარიშები. მას რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის ფარგლებში გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.