ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება „ჰუმანიტარული ხასიათის“ გადაწყვეტილებაა.
პესკოვის თქმით, რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თხოვნით გააუქმა.
„საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე. რუსეთის ხელისუფლება საკმაო ხნის განმავლობაში იღებდა ორივე ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნესმენების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის მოღვაწეების მიმართვებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს [სავიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენის შეზღუდვის გაუქმება] გვთხოვდნენ. სწორედ რომ ჰუმანიტარული გადმოსახედიდან გაკეთდა ეს“, – აცხადებს პესკოვი.
გახდება თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა სავიზო რეჟიმის გაუქმება – შეკითხვაზე პესკოვმა მოკლედ უპასუხა – „ასე შორს არ წავიდოდი“.
ჟურნალისტმა პესკოვს უთხრა, რომ საქართველოში ამ გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც მკვეთრი რეაქციით გამოეხმაურნენ, რაზეც პესკოვმა თქვა – „გუშინ განსხვავებული რეაქციები იყო თბილისისგან. იყო უარყოფითიც და იყო თავშეკავებულიც.“
გუშინ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირ ფრენაზე შეზღუდვა მოხსნა.