ეს იმპიჩმენტის პროცედურა არაა, საუბარია კომპეტენციათა თაობაზე დავის დაწყებაზე - მენაბდე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის შესახებ საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ საზოგადოებამ დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან შეიტყო.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე, რომელსაც მმართველი პარტია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. მათ შორის საუბარია ელჩების საკითხზე.

„საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს”, – წერია განცხადებაში.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ აპირებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

„საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლში აღნიშნულ ორგანოებს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები”.

„პუბლიკასთან” საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.

„ქართულ ოცნებას” რაც უწერია, ეგ იმპიჩმენტი არ არის, აქ საუბარია იმაზე, რომ „ოცნება” მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციათა დავის თაობაზე, რათა სასამართლომ განსაზღვროს, მაგალითად, აქვს თუ არა უფლება პრეზიდეტს, დაბლოკოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული ელჩის კანდიდატურა.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო იმას იტყვის, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება და ვისაც მთავრობა წარუდგენს, ის უნდა დაადასტუროს, გამოდის, რომ პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას, როცა უბლოკავდა ელჩებს. ამის მერე კი შეიძლება, რომ იმპიჩმენტი დაიწყოს, მაგრამ ეგ უკვე სხვა პროცედურა იქნება”, – განაცხადა მენაბდემ.

როგორია იმპიჩმენტის პროცედურა

როგორც კონსტიტუციონალისტიც აღნიშნავს, იმპიჩმენტის სულ სხვაგვარი პროცედურაა. საკითხის აღძვრა საქართველოს პარლამენტიდან იწყება.

კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით, პროცედურა კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით იწყება. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.