ივერი მელაშვილზე სიტყვიერ თავდასხმას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიტიკოსების განცხადებებსა და მათ მიერ გაღვივებულ აგრესიას უკავშირებს.
„პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების განცხადებები, რომ ამ პროცესში მონაწილე ადამიანები არიან მოღალატეები, რა თქმა უნდა, ქმნიდა საზოგადოებრივ განწყობას და აღვივებდა აგრესიას ბრალდებულების მიმართ. ვფიქრობ, ეს ინციდენტიც არის ამ კამპანიის და განცხადებების შედეგი და გამოხატულება. აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები და დაიწყონ აღნიშნული ფაქტის შესწავლა“, – ამბობს სახალხო დამცველი „მთავართან“.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ბრალდებულები.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.