ოპოზიციური პარტიები უარყოფითად აფასებენ დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით.
„ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა არასწორია და სამთავრობო ძალის უპირატესობისკენ იქნება მიმართული.
„ჩვენ გვაქვს გარემო, სადაც გვყავს მილიარდერი და გვყავს სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი, რომელიც ფულს ხარჯავს წინაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების”, ე.წ. საქმეების წარმოჩინებაზე. ამიტომ ახლა საუბარი, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას” ექნება უპირატესობა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ინიციატივა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„ნებისმიერი შეზღუდვა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამირების დღეს აწყობს ხელისუფლებას და მის ინტერესში შედის. მიმაჩნია, რომ მსგავსი აკრძალვა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ინტერესებს. მნიშვნელოვანია, სხვა გზებით ვეცადოთ ის, რომ შეიქმნას მეტ-ნაკლებად ერთნაირი შესაძლებლობების გარემო სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის. ეს გარემო ირღვევა პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან, საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენებით”, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის” წევრის საბა ბუაძის შეფასებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. მისი განცხადებით, კრიზისის გამო მედია სულს ღაფავს და შემოსავლები უნახევრდება, „გია ჟორჟოლიანმა კი მოიცალა და დაარეგისტრირა ინიციატივა, რომელიც საფრთხეს უქმნის მედიასაშუალებების არსებობას”.
„მედია პირდაპირ არის დამოკიდებული სარეკლამო შემოსავლებზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ პოლიტიკური რეკლამიდან შემოდის. ეს ინიციატივა ხელისუფლების ინტერესებში შედის, რომელიც ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. „ქართულ ოცნებას” დღეს ხელთ აქვს მედია, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები და ეს შავ-ბნელი თამაში მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიისა და ოპოზიციის განეიტრალებას ისახავს მიზნად”, – განაცხადა საბა ბუაძემ.
„პუბლიკასთან” საუბრისას პარტია „სოციალ-დემოკრატების” წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის აკრძალვის მიზანი, ერთი მხრივ, არჩევნებში ფულისა და ფინანსების როლის შემცირება, ხოლო, მეორე მხრივ, ხედვისა და პოლიტიკური შინაარსის მნიშვნელობის წინ წამოწევაა.
„მე კანონპროექტი შემაქვს იმისთვის, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი, ობიექტური. ფული კი არ უნდა წყვეტდეს არჩევნებს, უნდა წყვეტდეს შეხედულებები და პროგრამები. თუ ამას ვინმე გაიზიარებს, მივესალმები. იმედი მაქვს კეთილგონიერების, სამართლიანობისა და ობიექტურობის. თუ მხარს არ დაუჭერენ, იტყვიან, რომ გვინდა, ფულმა მოიგოს არჩევნები და არა ხედვებმა და იდეებმა”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახება – GNCC
13 მაისი, 2020