საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თვითმართველობის არჩევნებისთვის ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
„მე არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა, უნდა ვაპირებ ჩასვლას საქართველოში“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, ის ჩამოსვლას აპირებს რეფერენდუმამდე, თუ რეფერენდუმის შემდეგ, სააკაშვილმა არ უპასუხა და განაცხადა, რომ ამას ქართველი ხალხი ნახავს.
„ამას ქართველი ხალხი ნახავს. ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი. ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს. წინა არჩევნების წინ ვთქვი, რომ ჩამოვალ, როცა არჩევნები დამთავრდება“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ის ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ამბობს. მისი თქმით, წინა შემთხვევაში, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა არჩევნების შემდეგ, მაშინ მას იმედი ჰქონდა, რომ მათ ჰქონდათ საკმარისი ძალები, ნორმალური არჩევნებისთვის. მისი თქმით, ჩანს რომ ეს რესურსი მთლიანად ამოწურულია.
„მე არ მეშინია მათი საქმეების, იყო პერიოდები, როცა მე მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვქონდა საკმარისი ძალები იმისათვის, რომ საკითხები პოლიტიკურად გარკვეულიყო. ნორმალური არჩევნებისთვის მიგვეღწია და მიგვეღწია ნორმალური გადასვლისთვის, ისე, როგორც თავის დროზე მე გადავეცი ხელისუფლება. როგორც ჩანს ეს რესურსი მთლიანად არის ამოწურული. ახლა ერთადერთი იმედი, რაც გვრჩება, ევროკავშირს ჩართვით, მედიაციით, ამერიკელების ჩართვით და დამკვირვებლების ჩამოსვლის პირობებში, ჩვენ შევძლებთ მიღწევას. მაგრამ ამის იმედი, მე მგონი, საქართველოში უკვე ძალიან ცოტა ხალხს დარჩა. ამიტომ, ახლა ყველა რესურსის ჩართვაა საჭირო და აღარ არის არც საკუთარი თავის დაზოგვის და არც პოლიტიკური მანევრირების დრო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.