ეს ის ბიჭია, რომელიც GIZ-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული, სირცხვილია! - კრამონი პაპუაშვილზე

პუბლიკა

„ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია GIZ-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე.

როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილია!“,- ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითიც ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უკან დააბრუნოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი და ის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.