რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია” პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.
აქცია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა გახსნა. მისი თქმით, 20 ივნისის არის გლოვის დღე, მაგრამ ამავდროულად სიხარულის დღეც, რადგან ეს იყო დიდი ეროვნული კონსოლიდაცია რუსეთი წინააღმდეგ.
„ეს არის როგორც გლოვის დღე, იმ სისხლის გამო, რომელიც ამ ქუჩაზე დაიღვარა, ასევე არის ზეიმის დღეს, როცა ადამიანები გამოვიდნენ ერთად. ეს იყო არა უბრალოდ მრავალრიცხოვანი აქცია, არამედ მრავალი ინტერესთან ჯგუფის აქცია. ისეთი ჯგუფები იდგნენ ამ აქციაზე ერთმანეთის გევრდიგვერდ, რომლებიც სხვა ვითარებაში ასე არ იქცევიან. ეს იყო დიდი ეროვნული კონსოლიდაცია რუსეთის წინააღმდეგ.
ეს იყო „გავრილოვის ღამე“ – სისხლიანად დაარბიეს იმიტომ, რომ დაემტკიცებინათ რუსეთისთვის, რომ აქ რუსეთის შეურაცხყოფა ისჯება და საჩვენებელი დასჯა მოაწყვეს.
ამას აგრძელებენ დღესაც, იმ მომენტში, როცა უპირობო სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ საქართველოს მოქალაქეს, მიღმა პოლიტიკური გემოვნებებისა, როცა საქართველოს მოქალაქეს ტერორისტები ემუქრებიან, რომლებმაც სხვა მოქალაქე უკვე მოკლეს – ხანგოშვილი. ამის ნაცვლად ვიღებთ რაღაც ლირიკას, ისრების გადატანას შიდა მტერზე, როცა გარეშე მტერი არის პრობლემა შიგ ეძებენ და როცა შიგ აქვთ, გარეთ ეძებენ. შიდა პრობლემებზე და აქ მოსაგვარებელ საკითხებზე იძახიან, რომ გარეშე ფაქტორების ბრალია. როცა გარეშე ფაქტორები გვემუქრება იძახიან, რომ შიდა ფაქტორების ბრალია.
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და მადლობა ყველას ამის გამო. გუშინ შემეძინა შვილი. მე ვდგავარ ასეთი არჩევნის წინაშე – ან ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში, ან ვიცხოვრო ემიგრაციაში. არ მინდა მე ამ არჩევნის გაკეთება და ამიტომ ვდგავარ აქ და ვიდგებით აქ, სანამ არ განვამტკიცებთ საქართველოს გეზს მისი ძველი ისტორიული ოჯახის წიაღში – ესაა ევროატლანტიკური ოჯახი. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური კავშირი, არამედ ღირებულებითი კავშირია”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა თავის გამოსვლაში.
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.