„ეს იყო გარკვეული პერფორმანსი“ – ბელქანია ვიდეოზე, რომელშიც მძარცველს მიმართავს

პუბლიკა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის 30-ე ნომერი, ჩხოროწყუში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბელქანია ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს მიმართავს.

„მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო: ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი: ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილი გახსნას“, – აცხადებს თამარ ბელქანია ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

აღნიშნული ვიდეო ამ დროისთვის თამარ ბელქანიას ფეისბუქგვერდზე არ იძებნება, სოციალურ ქსელში კი ვიდეოს მხოლოდ ეს მონაკვეთი გავრცელდა.

„ეს იყო გარკვეული პერფორმანსი, მეგონა, იუმორით აღიქვამდნენ“, – ასე განმარტა თამარ ბელქანიამ აღნიშნულ ვიდეოში თავისი განცხადება. ვიდეოში გამოთქმული მოსაზრების დასაზუსტებლად მას „პუბლიკა“ დაუკავშირდა:

„ლამის არის, გმირად გამოაცხადონ ეს ტერორისტი, რომელმაც ამდენი ფული გაიტაცა. არსენა მარაბდელივით არის. ჰოდა, თუ არსენა მარაბდელია და მდიდარს ართმევს და ღარიბს აძლევს, მივმართე, რომ ჩაბარდეს და თუ მაგარი ტიპია, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშაში ერთადერთ რამეს ითხოვს მოსახლეობა სოფლებში, მათ არ აქვთ წისქვილი, რომ შეჭამონ თავისი ძლივს ნაშოვნი… ერთადერთი, რასაც მოიპოვებენ და ჭამენ საზღვრისპირა სოფლებში, ეს არის სიმინდი.

ვის აქვს ახლა იმის ილუზია, რომ ის ფულს უკან დააბრუნებს? ისეთ ამბებს ყვებოდნენ, რომ ორსული გამოუშვა; რომ ხაჭაპურზე და ლამის ელარჯზე დაპატიჟა ადამიანები, ხვდებით? აი, ეს, მეტი კი არაფერი… თუ ასეთი მაგარი ტიპია, წისქვილი გაუკეთოს სოფლებში ადამიანებს, გმირი მაშინ იქნება. მე მეგონა, ამას გაიგებდნენ ადეკვატურად“, – განუმარტა მან „პუბლიკას“.

ბელქანიას განცხადებით, ზოგიერთ საზღვრისპირა სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლები არასდროს ჩასულან და არ დაინტერესებულან ადგილობრივების პრობლემებით. მას მაგალითად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ფახულანი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ მოსახლეობას სახელმწიფოს ჰიმნიც კი არ ჰქონდა მოსმენილი. ბელქანიას მტკიცებით, სამეგრელოს სოფლებში „სერიოზული გაჭირვება და შიმშილია“.

„ვიღაცას შეიძლება წისქვილზე ეცინება, იმათ, ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრობს, მაგრამ ჰკითხეთ აბა ამათ?! მე შევპირდი, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს [არჩევნები], ფახულანში აუცილებლად გავაკეთებ ერთ წისქვილს“, – განგვიცხადა ბელქანიამ.


21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ბოლო ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.