ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გოიმურ ოპოზიციას ჩაგიტარათ - კობახიძე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშს ისმენდნენ, კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა არაერთ სტრუქტურას, ასევე საზოგადოებას და ხელისუფლების წევრებს გადაუხადა.

„სამწუხაროდ, ერთადერთ სუბიექტი, ვინც საერთო სოლიდარობის მიღმა დარჩა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქტელევიზიებით. ერთადერთი, რითაც თავი გამოიჩინეს, ეს უსაგნო კრიტიკა იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისმოდა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება. ისინი აკრიტიკებდნენ ყველა შეზღუდვას. ისინი გახსოვთ, რომ ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ერთადერთი ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. აკრიტიკებდნენ ეროვნულ პირბადეებს“.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ერთ მხარეს იყო უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს – საქმე. მისი თქმით, პარტიის თავჯდომარემ გაიღო 100 მილიონი პანდემიასთან საბრძოლველად, დეპუტატებმა კი რამდენიმე თვის ხელფასის 1/3 კოვიდის ფონდში ჩარიცხეს.

„აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს 100 მილიონიც კი გახადეს ქილიკის საგნად, იმ ფონზე, როდესაც [მე გადავამოწმე] „ნაციონალების“ კლასტერიდან მხოლოდ ერთმა დეპუტატმა ჩარიცხა კოვიდის ფონდში თანხა. კეთილი გენებათ და გამოგეჩინათ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დასრულდა ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს – კორონავირუსი ოპოზიცია და მათი ტელევიზიები.

„ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ბოროტზე კეთილმა გაიმარჯვა და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს ანგარიშით წარსდგა პარლამენტის წინაშე და მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომდგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.