„ეს იყო მორიგი ბინძური პროვოკაცია ეკლესიის წინააღმდეგ“ - ღარიბაშვილი სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, სავარაუდოდ, სუსიდან გაჟონილი ფარული ჩანაწერების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილი „მორიგი ბინძური პროვოკაცია“. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ კასპში, პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. მამების, მღვდელმთავრების, ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ქართველების საფუძველთა საფუძვლის, ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის, ამ ბოროტი, მჩაგვრელი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიცაა  ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი.

ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს.

ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, იდეალური მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ, ვთქვათ, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე თუ ყველაზე არა, ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.