ეს იყო მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ - ღარიბაშვილი გუშინდელ მოვლენებზე

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომას მართავს.

გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, მას დღეს 12 საათამდე აქვს ვადა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს აქტიურად და ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს.

პრემიერის თქმით, ის, გუშინ რაც ხდებოდა, ეს იყო მორიგი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახელწმიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს შედგება ჩვენს ქვეყანაში.

ეს ტრაგედია, ვნახეთ, რომ სცადეს, გამოეყენებინათ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეძლება იყოს იმაზე ამორალური, რომ გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა..  მოძალადე იქნება მკაცრად დასჯილი.  პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც იყო ჩართული ცემაში“, – განაცხადა მან.


გუშინ გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.