„ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე. ესენი არიან ადამიანების ტრაგედიებზე მონადირენი“, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას, რომ ვაკის პარკში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის გამო თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
„ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე. ესენი არიან ადამიანების ტრაგედიებზე მონადირენი, სხვას ვერ დაარქმევ. ხაბეიშვილი არის იმ პარტიის სახე, რომელსაც მიაჩვია თავისმა ბელადმა, თავი რომ გადაერჩინა, იმ წამსვე, დასრულებული არ იყო, 100 კაცი, მტყუან-მართალი ჩაეგდო ციხეში. ეს იყო ამათი სტანდარტი და მაგალითი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ის, ვინც არის დამნაშავე, გამოიკვეთება და ამას ყველა ნახავს. ზარქუას განცხადებით, ოპოზიციას კახა კალაძე ყელში ჰყავს გაჩხირული, რადგან მან დედაქალაქში და მთელ საქართველოში ოპოზიცია „პოლიტიკურად დაამთავრა“.
„ერთი მინდა ვთქვა, კახი კალაძე იმიტომ ჰყავთ ყელში გაჩხირული, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ისე მთელ საქართველოში. ყველანაირად ცდილობთ, რომ ეს გაანეიტრალოთ, ეს არ გამოგივათ.
სწორედ ამის დემონსტრირება იყო ამ ტრაგედიის ფონზე მერიასთან რომ მიაგზავნეთ ის ბავშვები. ათ კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ. იმიტომ, რომ ხალხი არ დაგიდგათ გვერდში, ხალხმა იცის, რაც მოხდა ეს ტრაგედიაა“, – თქვა ზარქუამ.
„ოცნების“ დეპუტატის განცხადებით, მომხდარს ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად კახა კალაძე განიცდის.
„რაც მოხდა იმას, ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია. ამას გრძნობს ხალხი და ამიტომ არის, რომ ხელმოცარულები დადიხართ, მათ შორის პოლიტიკურად“, – თქვა ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.