ეს იყო პროვოკაცია ახალგაზრდებისგან, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა. უნივერსიტეტში კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა სტუდენტების პროტესტი, მისი თქმით, ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ პროვოკაცია და იქ იყვნენ ახალგაზრდები, „რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

„ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში მოსული იყო „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი.

ეს ახალგაზრდები… რომელიც პარლამენტის წინ იდგა რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. არაფერ შუაში არ არის მისი სტუდენტობა ამ შემთხვევაში.

მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა იყო, „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდა. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ.

მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს. ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ შორის ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დაჰყვება დაცვა სტუდენტებთან ლექციების ჩატარების დროს და გრძნობს თუ არა მათგან საფრთხეს, კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროტესტი არ გამოუთქვამთ სტუდენტებს, არამედ ახალგაზრდებს, რომლებიც „პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ აქციას აწყობდნენ“.

„აქ არ იყვნენ სტუდენტები. იყო „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, სადაც იყო ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ორიოდე დღის წინ პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ აქციას აწყობდა პარლამენტის წინ. არაფერ შუაში არ არიან აქ სტუდენტები“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუბლის კუპიურები დღეს დაუყარეს. კობახიძეს რამდენიმე ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად რუსული ფული უნივერსიტეტის კიბეზე ჩასვლისას გადმოუყარა.