სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ, საქმის მასალებით, 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები პირადი ინიციატივით ისროლეს. ომბუდსმენის ეს ანგარიში შეაფასა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
ჟურნალისტებმა ვიცე-პრემიერს ჰკითხეს, სიტუაციის შესაბამისად, ინდივიდუალურად გადაწყვიტეს თუ არა თანამშრომლებმა რეზინის ტყვიების სროლა და ჰქონდათ თუ არა ამის უფლება, რაზეც მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ 21 ივნისს გასცეს.
„როდესაც პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი, იმ ადამიანებმა, პოლიციელებმა, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში ადგებოდა რისკი, აუცილებლობიდან, გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ დაეცვათ თავი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, თვალსაჩინო იყო ის, რომ პოლიციელებზე მიმდინარეობდა მიზანმიმართული შტურმი.
„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს დაცვის ზოლიდან, როგორ ართმევდნენ მათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და ძალიან ბუნებრივი იყო ის რეაგირება, რომელიც აღნიშნული პოლიციელების მხრიდან იყო განხორციელებული”, – აცხადებს ცქიტიშვილი.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პოლიციელების რეაგირებას ისეთი ტრაგიკული გამოვლინება მოჰყვა, როგორიცაა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება, მაგრამ, მისივე თქმით, რეზინის ტყვიების გამოყენება არ ატარებდა მიზანმიმართულ ხასიათს.
„ეს არ იყო გადაწყვეტილება მინისტრის, მისი მოადგილის ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის. ეს იყო რეაქცია იმ ადამიანების, იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებზეც მიმდინარებდა შტურმი, რომლებიც აღმოჩნდნენ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის წინაშე და ამ ადამიანებს ჰქონდათ უფლება, ამ განსაკუთრებულ ვითარებაში ემოქმედათ იმ ვითარებიდან გამომდიონარე, რომელშიც აღმოჩნდნენ“, – აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი.