ეს იყო რიტორიკის ნაწილი - ზურაბიშვილი ქართულ ჯარზე გაკეთებულ კომენტარზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი ფრაზა „არც ჯარი გვაქვს და არც გვექნება“ მხოლოდ სტილისტური ფორმა და რიტორიკის ნაწილი იყო. თუმცა, ეს მისი თქმით, „როგორც ჩანს, ნაკლებად ცნობილია აქ“.

„ის ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად კულტურულ სივრცეში და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდევაც საკოორდინაციო ცენტრი, არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ჯარი 10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა.

„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება; არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

11 დეკემბერს პრეზიდენტის გამოსვლას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ეს განცხადება კატეგორიულად მიუღებელი იყო.

„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. ეს მინდა, ვუთხრა პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადება. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ, მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას საჭიროებს მისი განცხადება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.