ეს იყო რუსეთის სურვილი, რომელიც არ დაგვიდასტურებია - რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი

პუბლიკა

საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები რუსეთის ნაკრების მასპინძლობას და ერთობლივ შეკრებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბაჩო ხურციძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ რუსი კოლეგების სურვილი იყო,  7-კაცა რაგბის ნაკრები ჩამოსულიყო და საქართველოში გაეარა შეკრება, შემდეგ კი ე.წ. სპარინგ მატჩი გაემართათ ქართველ მეტოქეებთან.

რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ზოგადად რუსეთის ნაკრებთან თამაშს არ გამორიცხავს, მაგრამ მისი თქმით, საქართველოს რაგბის კავშირს ერთობლივ შეკრებაზე დასტური რუსი კოლეგებისთვის არ მიუცია. ნაკრების მენეჯერმა კი მორაგბეთა ზოგადი მობილიზაცია გამოაცხადა და არა უშუალოდ რუსეთის ნაკრებთან დასაპირისპირებლად.

„ჯერ არც დადასტურებული იყო, გინახავთ სადმე დასტურის დოკუმენტი? იყო მხოლოდ მენეჯერის წერილი, რომ ასეთი სურვილია. მენეჯერმა უბრალოდ ზოგადი მობილიზაცია გამოაცხადა იმიტომ, რომ რუსეთის გარდა სხვა საერთაშორისო მატჩების შემოთავაზება იყო, რადგან მსოფლიოს შესარჩევია წელს.

რუსეთმა თავად გამოთქვა აქ ჩამოსვლის სურვილი, თავისი ხარჯით. თუმცა, ჩვენ არ დავუდასტურეთ, რადგან გვესმის როგორი საკითხია. თანაც არ იყო ჩამოყალიბებული პოზიცია, იყო თუ არა საქართველოს ინტერესში, რომ ეთამაშა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის 7-კაცა ნაკრები ჩვენზე 10 პოზიციით ზევითაა რეიტინგში და არის ჩვენზე ძლიერი.

ჩვენ ერთადერთი, თუ რუსეთს აქ ვეთამაშებოდით, ეს იქნებოდა საქართველოს ნაკრების ინტერესში, რომ ჩვენს კედლებში დაგვემარცხებინა და მოგვეპოვებინა ფსიქოლოგიური უპირატესობა მსოფლიოს შესარჩევის წინ“, – ამბობს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი „პუბლიკასთან“.

ბაჩო ხურციძის თქმით, თავად რაგბის კავშირში განიხილებოდა ესპანეთში, ადგილობრივ ნაკრებსა და საფრანგეთთან ერთად შეკრება, სადაც მისი თქმით, რუსეთის ნაკრებიც გეგმავდა ჩასვლას.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ეს ჩაიშალა. შემდეგ კი რუსმა კოლეგებმა მათ საქართველოში ე.წ. სპარინგ თამაშის გამართვა შესთავაზეს.

ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ 15-კაცა ნაკრებისგან განსხვავებით, რუსეთის 7-კაცა ნაკრებს საქართველოსთან შედარებით ბოლო წლებია უპირატესობა აქვს. ამიტომ, სპორტული კუთხით, ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესია რუს მეტოქეებთან თამაში და მათი დამარცხება.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს იყო მხოლოდ სპარინგ თამაშის განხილვა. იმიტომ, რომ რუსებმა გამოთქვეს სურვილი პირად საუბარში, არაოფიციალურად, რომ ჩვენი ნაკრები რადგან მოდის 15-კაცა, ჩვენც ხომ არ გვეთამაშა?! ჩვენს შეკრებას გავაკეთებდით მანდ.

ამაზე ჩვენ არ გაგვიცია პასუხი, რადგან ასე მარტივიც არ არის. ჩვენ სხვა გუნდები გვინდოდა, საფრანგეთთან გვინდოდა სპარინგი, ესპანეთთან და ასე მიდიოდა ეს პროცესი. ასე რომ, ეს არც დადასტურებული არ ყოფილა და არც უარყოფილი.

მომავალში ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ რუსეთის ნაკრებთან ჩვენს ინტერესშია თამაში და ეს მსოფლიოზე გასვლას გაგვიადვილებს, აუცილებლად ვეთამაშებით.

შეკრებას რაც შეეხება, ეს იყო მათი მოთხოვნა და გავრცელებული წერილი არის მათი მოთხოვნის შესახებ მენეჯერის ინტერპრეტირებული წერილი, სამუშაო დოკუმენტი და არა გადაწყვეტილება“, – განმარტავს ბაჩო ხურციძე „პუბლიკასთან“.


გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და რუსეთის 7-კაცა რაგბის ნაკრებები ერთობლივ შეკრებას გაივლიდნენ, რაგბის ქართულმა კლუბებმა კი ეროვნული ნაკრების მენეჯერის წერილი მიიღეს, რომელშიც კლუბებს ნაკრებში მოასპარაზე მორაგბეების გათავისუფლებას სთხოვდნენ.

რაგბის კავშირმა კი საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომ ეს მიზანმიმართული ცილისმწამებულური კამპანიაა და რაგბის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.