„ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა - 4 შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს“ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე პარტია „დროას“ ლიდერისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება. ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო მიესაჯა.

პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა 570 ლარი შეადგინა.

კახა კალაძე ამბობს, რომ ხოშტარიას ქმედება „მხოლოდ ბანერის დაზიანება არ ყოფილა, რადგან მან ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას“.

„სხვადასხვა მოქმედება, სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა.

ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა.

თქვენ ცდილობთ, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ რეალურად აღნიშნული ღობე დაზიანდა შენობაში შეჭრის გამო. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საცხოვრებელი ბინა, ბინის კარი პირობითად, შეიძლება ღირდეს 300 ლარი, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ანგრევ მას და სხვის საცხოვრებელ სახლში შეჭრას ცდილობ, განისაზღვრება, როგორც ყაჩაღობა, მას აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ზრდასრული ადამიანები საკუთარ ქმედებებზე თავად იღებენ გადაწყვეტილებას და კანონის წინაშე პასუხსაც თავად აგებენ.

„ციხეში არავის წასვლა მიხარია, თუმცა ჩვენ, ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ, ბავშვები არ ვართ და ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ.

ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა. ეს მისი უფლებაა.

კატეგორიულად მიუღებელია ქმედებები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირდა – ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება და ა.შ. ჩვენ ხომ ვაშენებთ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში, ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.

ჩვენ არავისთან მივვარდნილვართ და არ შეგვიშლია ხელი საარჩევნო კამპანიის პროცესში. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს“, – თქვა კალაძემ.


24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯა.

პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა 570 ლარი შეადგინა.

2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

ელენე ხოშტარია სასამართლო პროცესებში არ მონაწილეობდა. მას იცავდა საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელსაც დასკვნითი სიტყვით არ უსარგებლია.

„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც ისჯება ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ჯარიმით, სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი.

ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.