„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას”, – ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ოპოზიციას შორის დებატები.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დღეს კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება. ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას”, – განაცხადა კობახიძემ.
მან სიტყვით გამოსვლისას საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ამის გამო არის ის ოპოზიციის სამიზნე.
„თქვენ [მიმართავს ოპოზიციას] პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო რეფორმას, საპენსიო ფონდს და მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეიტანოთ შენატანები და გეტყვით – რატომ. თქვენ რეალურად გაიმწარეთ ახალგაზრდობა, ჯერ ხელისუფლებაში იყავით 9 წელი, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი დაასრულეთ სრული ფიასკოთი და სრული კრახით. რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არამარტო ახალგაზრდობა. მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30%-იანი სიღარიბით, 1 150 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს; როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება; როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის რეკეტით, ამით იყავით დაკავებული 9 წლის განმავლობაში და თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20% – ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას.
2012 წლიდან მოყოლებული უკვე სხვა ფორმატში გაიმწარეთ ახალგზარდრობა. ამ წლიდან მოყოლებული 6 არჩევნები მოგიგეთ და წელსაც მოგიგებთ მეშვიდე არჩევნებს. მოკლედ, ნამდვილად გაიმწარეთ ეს ახალგაზრდობა და რატომ გირჩევთ ახლა საპენსიო ფონდის გაფრთხილებას – შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი… ჩემო „ევრონაცებო”, ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020 წლის ოქტომბრიდან”, – განაცხადა ჯობახიძემ.
27 მაისს კი კობახიძემ პრემიერის პარლამენტში გამოსვლა მასტერკლასად შეაფასა.
„ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ბოროტზე კეთილმა გაიმარჯვა და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს ანგარიშით წარდგა პარლამენტის წინაშე და მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომდგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.