ეს იყო უუნარობის გამოხატულება - გახარია 5 ივლისის მოვლენებზე

პუბლიკა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ მედიასთან თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე ისაუბრა.

„როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას…  სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები. ეს წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო გამოხატულება უუნარობის.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა. დღევანდელი პარტიული ბოსები მე მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ, ეს ვიღაცებს დააბრალონ. ამ ადამიანებს უბრალოდ სახელმწიფოს ფუნქცია გააზრებული არ აქვთ“, – ამბობს გიორგი გახარია.


გუშინ პარლამენტის წინ, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა. აქციას Tbilisi Pride-ის წევრებიც შეუერთდნენ.

„თბილისი პრაიდის“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა LGBTQ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს, ქაშვეთის ეკლესიასთან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები იყვნენ შეკრებილი. ისინი პარლამენტის წინ გადასვლას ცდილობდნენ, მაგრამ მათ პოლიციის კორდონი აკავებდა.