წინასწარ, რა თქმა უნდა, გვქონდა კადრები ნანახი და წინასწარ გვქონდა სამწუხარო გამოცდილება, რაც ხდებოდა საქართველოში 90-იანების დასაწყისში და 2008-ში, თუმცა უკრაინაში ადგილზე ნანახი მაინც ძალიან მძიმე იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„იმ დღეებში, იმ საათებში, ჩვენ რომ ჩავედით, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა საერთო სასაფლაოებიდან ექსჰუმაცია და იქვე ატარებდნენ ექსპერტიზებს. იყო მასობრივი დასაფლავების ადგილები, სადაც უბრალოდ უდანაშაულო ადამიანები იყვნენ დახოცილები. ძალიან მძიმე იყო და მით უმეტეს მძიმე იყო შესაფასებლად. მაშინაც და მერეც ჩემთვის კითხვა დაუსვამთ, თუ რა არის ეს? მე არ მაქვს ლექსიკონში ის სიტყვა, რომელიც მოკლედ და სხარტად აღწერს იმას, რაც მე ვნახე. ეს იყო ყველაფერი ერთად: ეს არის სისასტიკე, არაადამიანობა, გნებავთ გენოციდი, ტერორი, თუმცა გამოძიება იმ საათებშიც მიმდინარეობდა, ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები იქ იყვნენ და ეჭვი არ მეპარება ამას ძალიან მალე მკაფიო სახელი დაერქმევა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.