უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება რუსული შემაკავებელი ძალების, მათ შორის ბირთვული იარაღის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, ორშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებაზე ზეწოლის მცდელობაა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. დმიტრო კულებას თქმით, ვლადიმერ პუტინის ეს განცხადება მოლაპრაკების შესახებ თანხმობის გამოცხადებიდან ძალიან მალევე გავრცელდა.
„ჩვენ ვხედავთ ამ განცხადებას, როგორც ფსონების აწევის მცდელობას და დამატებით ზეწოლას უკრაინის დელეგაციაზე, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ. ამ მოლაპარაკებებს ძალიან მარტივი მიდგომით მივუდგებით. მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთს რა აქვს სათქმელი ჩვენთვის, “- განაცხადა მან.
მისი თქმით, მათი მიზანია და სწორედ ამას ეტყვიან რუსულ დელეგაციას, რომ შეწყდეს ომი და ტერიტორიების ოკუპაცია.
„ბირთვული იარაღი არის პირდაპირი საფრთხე ჩვენთვის. მე მაქვს ძალიან მარტივი გზავნილი – ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ ის ვერ გაგვტეხავს”, “- განაცხადა მან ბრიფინგზე.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. ე.წ. შემაკავებელი ძალები ბირთვულ იარაღს გულისხმობს.