პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. პლენარულ სხდომაზე პრემიერს დეპუტატები კითხვებს უსვამენ. სხდომაზე შეკითხვა დასვა „ქართული ოცნება – მწვანეების“ ფრაქციის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ.
მან 20 ივნისის მოვლენები შეაფასა და პრემიერს ნატოსა და აშშ-სთან თანამშრომლობაზე დაუსვა შეკითხვა.
„ძალიან საინტერესო ამბავია. განსაკუთრებით ეს 20 ივნისის ამბავი. ხალხი, რომელმაც გავრილოვის პროვოკაცია წინასწარ შეთანხმებულად მოაწყო, საშვები დაუშვა და ა.შ. შეთანხმებულად მოქმედებდნენ და მაგათმა ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ აღიარა – იმიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, რომ სისხლი დაღვრილიყოო.
ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? ეს ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ იმაზე უნდა ლაპარაკობდეს, რომ 2008 წელს 7-8 აგვისტოს მალავდა, რომ რუსეთის არმია იყო შემოსული საქართველოში და მთელი საქართველო დაუთმო.
ახლა გაიარეთ აგერ ახლოს, რუსული ბაზები რომაა წამოჭიმული თქვენის მეშვეობით, ახლა ის ბაზების რეანიმიაცია რომ გააკეთებინეთ და უფრო ძლიერი რაკეტული სისტემები დააყენებინეთ რუსებს. ყველა აღიარებს ჩვენი ხელისუფლების ნატოსა და აშშ-სთან ახლოს ურთიერთობებს და ვიცით, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ტექნიკა იყო გადმოცემული, რომელსაც მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებს აძლევს აშშ. ამაზე გვინდა დეტალური ინფორმაცია და კიდევ 2 აპრილს სამიტი ჩატარდა ნატოს მინისტერიალი, სადაც საქართველო შავ ზღვაში სტრატეგიულ პარტნიორად იყო აღიარებული. ამაზე რომ მეტი გვითხრათ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძემ 20 ივნისის მოვლენებზე ოთარ კახიძის გამოსვლის საპასუხოდ ისაუბრა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ კახიძემ პრემიერს ჰკითხა – რატომ ისაუბრა თავის გამოსვლაში 20 ივნისის მოვლენებზე და რატომ არ მოუხადა ბოდიში საზოგადოებას ქვეყანაში გავრილოვის შემოშვებისთვის.
„ყურადღებით გისმენდით ამ თქვენ ანგარიშის პრეზენტაციის დროს და არ გიხსენებიათ არცერთხელ 20 ივნისი და ეს როგორ არის, დაგავიწყდათ ეს დღე, ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ? 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები? თუ ის დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით?!” — თქვა ოთარ კახიძემ.