ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ შევალთ პიკის პერიოდში - ცერცვაძე აღდგომაზე

პუბლიკა

„მიმაჩნია, რომ ეს ერთი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, როგორ შევალთ ჩვენ შემდეგ ორკვირეულში, ანუ პიკის პერიოდში”, – აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  დასმულ შეკითხვაზე ეს კომენტარი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხთან” ინტერვიუში გააკეთა.

ცერცვაძემ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა, ეკლესია და მრევლი იმოქმედებს უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე.

„მე მგონია, არის ყველა ნიშანი იმისა, რომ მიუხედავად დღეს არსებული განწყობების სხვადასხვაობისა, მთავრობა, საპატრიარქო და მრევლიც, აღდგომისთვის მივლენ უკვე შეჯერებული პოზიციით და მოიქცევიან ისე, როგორც ეს საჭიროა უსაფრთხოებისთვის”, – ამბობს ცერცვაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად რელიგიურ რიტუალებში აქტიურად თუ ნაკლებ ინტენსიურად მონაწილეობისა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში შესრულდეს COVID-19-ზე გაცემული რეკომენდაციები.

„ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია იყო და რჩება უცვლელი – დღევანდელ სიტუაციაში, დამოუკიდებლად იმისა, ჩვენ ვართ აქტიური მორწმუნეები და აღმსარებლები და ვმონაწილეობთ რელიგიურ რიტუალებსა და დღესასწაულებში, თუ ნაკლებად აქტიურად ვაკეთებთ ამას, ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს ის ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში – ეს არის სოციალური დისტანცირება, ეს არის თავის შეკავება ხალხმრავალი შეკრებებისგან, სადაც შესაძლებელია ბინაში დარჩენა, და ბინაში აღსრულება თუნდაც იგივე რელიგიური რიტუალებისა და ა.შ.”, – განაცხადა ცერცვაძემ.