სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს.
ექთნები, ექიმები და სასწრაფო დახმარების ცენტრის სხვა თანამშრომლები თვეებია აქციებს მართავენ ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა, როგორც ამბობენ, სამინისტრო მათ მოთხოვნებს უგულებელყოფს.
„ჩვენ ვითხოვთ ისევ და ისევ ხელფასის მომატებას, ღირსეულ ანაზღაურებას. დღევანდელი ხელფასით ცხოვრება არის შეუძლებელი. ეს მდგომარეობა არის გაუსაძლისი. ვაპროტესტებთ იმ ზეწოლას და იმ გაუარესებულ მდგომარეობას, რომელიც ამ წუთში არსებობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“, – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აქციის ერთ -ერთი მონაწილე, გიორგი ბოსტოღანაშვილი.
მისი თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო წლის ბოლოს, როდესაც ცენტრის თანამშრომლებს მეცამეტე ხელფასი სრულად არ მიუღიათ. ასევე არ აქვთ თანამშრომლებს დაზღვევა და მოითხოვენ ამ საკითხის მოგვარებასაც.
აქციის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა. მათი თქმით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომს ინიციატივით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ:
– 2022 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება დაწესდა. ის 125%-იანი ტარიფით განისაზღვრა;
– შეიცვალა და გაიზარდა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურება, რაც სახელფასო საათობრივი ანაზღაურების 12%-ით განისაზღვრა;
– 2022 წელს ცენტრის თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი;
– 2023 წლის დასაწყისიდან, როგორც სხვა საჯარო მოხელეთა, ასევე ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები 10%-ით გაიზარდა;
– 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ცენტრის თანამშრომლები ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით. ამ მიმართულებით ცენტრის ადმინისტრაცია სატენდერო პროცედურებს ახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მზად არიან, გააგრძელონ თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში.