„ეს მიუღებელი წინადადებაა" - ოპოზიცია „ოცნების" ახალ ინიციატივაზე

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ” მოიტანა მიუღებელი წინადადება – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით,  ეს წინადადება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ წვალობს – „ეს არაფერია, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო მედიატორების თვალში წარმოჩინდნენ, როგორც კომპრომისის მოსურნენი“.

ამავე აზრზეა გიგა ბოკერია, რომელიც მიიჩნევს, რომ  ეს ინიციატივა თამაშის წესს არ ცვლის. „ეს არის მანევრები, რომელიც არ არის სერიოზული“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

პარლამენტის  თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პარტიაში შედგა შეთანხმება და შერეული სისტემა ყველაზე მისაღებია ქვეყნისთვის.

„ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში და 50 მაჟორიტარული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა“, – თქვა თალაკვაძემ.