ეს მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ ერთგულების დემონსტრირების შესაძლებლობაა - დეგნანი

პუბლიკა

„ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს ევროპულ მომავალს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება იმ ფონზე, როცა საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშია.

„…სასამართლო სისტემის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს და იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს მას, მაგრამ გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჩვენ, გასულ თვეში ვენეციის კომისიის დასკვნაში ვიხილეთ, რომ არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესრულდეს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმირება.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, [შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში], ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგან ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს რეაგირება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ეს არის შესაძლებლობა მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ…“, – აღნიშნა დეგნანმა.