ურბანული განვითარების ინსტიტუტი ბახმაროში დაგეგმილი მასშტაბური სასტუმროს მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მშენებლობა დიდ საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს განვითარებას.
ურბანული განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, „ორბის” მასშტაბური კომპლექსის პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას.
-
ბახმაროში “ორბის” მასშტაბური კომპლექსის პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
-
მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორეს მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბახმაროს მდგრადი განვითარებისთვის.
-
წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოყვება საერთაშორსო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.
-
კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან.
-
ქალაქგეგმარებითი კუთხით კრიტიკულად მცდარია გადაწყვეტები და არ ითვალისწინებს მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც ამ მოცულობას მოყვება.
-
კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან.
-
ურბანული დიზაინის კუთხით, აუცილებელია გარკვეული ინტერვალით იცვლებოდეს ფასადის ელემენტები.
-
კომპლექსი მისი სიგრძის მონაკვეთში სრულად აქრობს ადამიანისთვის მთის ხედის აღქმას.
-
არსებობს თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რადგან ეს უზარმაზარი ბეტონის ფარდა, ჰაერის მასებს ცირკულაციაში ხელს შეუშლის.
-
ყველა მშენებლობა განვითარებას არ ნიშნავს. ეს მშენებლობა დიდ საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს განვითარებას.
-
ყველა ინვესტიცია ეკონომიკისთვის სასარგებლო არა, თუ მას არ მოჰყვება გააზრებული გადაწყვეტილებები. ამის ნათელი მაგალითია გუდაური და ბაკურიანი.
ურნაბული განვითარების ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების პოზიცია: „პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე; გამოცხადდეს ღია კონკურსი აღნიშნული ტერიტორიის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბახმაროში „ორბი” ჯგუფის მიერ დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია facebook-ზე ჩოხატაურის მერმა გაავრცელა, პოსტს თან დაურთო პროექტის ფოტოები.
დავით შარაშენიძემ დაწერა, რომ ეს „მომავლის ბახმაროა, ბახმაროს ახალი სიცოცხლე”.